KA

სასტურმო ავლაბარში

5000 m²

ავლაბარი

2017

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტის, საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ‘ნოვოტელის’ დაგეგმარებას, თანამედროვე გეგმარებითი პრინციპებისა და შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების ნორმების გამოყენებით. საპრორქტო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. თბილისში, ავლაბარში (მისამართი: ცისკრის ქუჩა N6, ცისკრის შესახვევი N4, გურჯაანის ქუჩა N1; საკადასტრო კოდი 01.17.01.046.005) ხუთკუთხა კონფიგურაციის ნაკვეთს ყველა მხარეს (ძირითადად) ესაზღვრება საზოგადოებრივი ქუჩები, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში კი ასევე მცირე ზომის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სამსართულიანი სასტუმროს ტიპის შენობა. საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართობია 4990 კვ.მ. საპროექტო ტერიტორია ხასიათდება მეტწილად მარტივი რელიეფით, ქანობი ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით დაახლოებით 3.20 მ-ს შეადგენს ჩრდილო-დასავლეთის მრიდან ვარდის მოედნის ქუჩის მიმდებარედ ნაკვეთზე არის წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები, რომლებიც პროექტის მიხედვით სრულად ნარჩუნდება. პროექტის მიხედვით შენობის აბსოლუტური ნიშნული უტოლდება 330,20 მ-ს, რომელიც შეესაბამება შენობის პირველი სართულის 0.00 ნიშნულს. ძირითადი შენობა – შენობის ძირითადი პერიმეტრული ნაწილი განკუთვნილია სასტუმრო ნომრებისა და მასთან მიბმული შესაბამისი ფუნქციებისთვის და მოიცავს A,B და C ბლოკებს, რომლის პირველი სართული უკავია საკონფერენციო დარბაზებს, რეცეფციას, ბარს, სპას, ფიტნესს და რამოდენიმე სასტუმრო ნომერს. მე-2, მე-3 და მე-4 სართულებზე მეტნაკლებად ტიპური გეგმარებით განთავსებულია სასტუმრო ნომრები, ხოლო მე-5 სართულზე მოიაზრება რესტორნის, ბარის და აუზის ტერასის მოწყობა. შენობის მთელ პერიმეტრზე 2-4 სართულები გეომეტრიულად კონსოლის სახით გამოყოფილია შენობის დანარჩენი ნაწილიდან, ღიობების შორის გაჩენილი დამატებითი აგურის ვერტიკალური წყობა ხაზს უსვამს შენობის რითმს და სტრუქტურულ გეომეტრიას. კომპლექსის ეს ნაწილი დამახასიათებელ არქიტექტურულ ელემენტებს შეიცავს, რაც გამოხატულია ფასადზე სხვადასხვა ტიპის აგურის წყობების, შავი მეტალის პანელებისა და აივნების კომბინაციით, შენობის სამივე კუთხის გამოკვეთა ხდება ასევე ძველი უბნისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტებისა და გადაწყვეტების მეშვეობით. გამოყენებული ელემენტების სიმრავლე საშუალებას იძლევა შევქმნათ უბნისთვის დამახასიათებელი კოლორიტი და მასშტაბი, თანამედროვე არქიტექტურისთვის ესთეტიკისა და სიმარტივის ფარგლებში. აგურის წყობის ელემენტები მოაზრებულია გარე კედლის ანაწყობის ნაწილად, რომელიც მოიცავს 20 სმ-იან ბეტონის ბლოკს, თბოსაიზოლაციო ფენას და აგურის მოპირკეთებისა და წყობის ვარიაციებს. შენობის მეხუთე სართული კონფიგურაცით და შერჩეული საფასადე მასალით ნაკლებად აქცენტირებულია, ‘შევარდნილია’ სიღრმეში შენობის დანარჩენ ნაწილთან შედარებით, ფასადზე და სახურავზე კი გამოყენებულია ნაცრისფერი მეტალის ფირფიტებიანი კედლისა და სახურავის ერთიანი ანაწყობი. შენობის -1 სართული დიდ წილად მიწისქვეშ მდებარეობს და დათმობილია პერსონალის,დატვირთვისა და საინჟინრო დანადგარების განსათავსებლად. საბანკეტო დარბაზი – კომპექსის დამოუკიდებელ ნაწილად განვიხილავთ მრავალფუნქციურ საბანკეტო დარბაზს, რომელსაც პირობითად შენობის D ბლოკად მოვიაზრებთ. შენობის არქიტექტურული იერსახე მკვეთრად განსხვავდება კომპლექსის დანარჩენი ნაწილისაგან, რასაც რამოდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: 1) 450-500 სტუმარზე გათვლილი ერთიანი დარბაზი კოლონების გარეშე; 2) სივრცე რომელიც იქნება ბუნებრივად განათებული, თუმცა ფუნქციიდან გამომდინარე საჭირო სიმყუდროვეს შეითავსებს და მხოლოდ სტრუქტურისა და სილუეტების აღქმა იქნება შესაძლებელი; 3) კონსტრუქცია, რომელიც სივრცის მარტივი ტრანსფორმაციისა და სხვადასხვა ღონისძიებისთვის ადაპტაციის საშუალებას მოგვცემს. საბანკეტო დარბაზის დაახლოებით 3/4 კონსოლურად არის განთავსებული, რაც ერთის მხრივ შთამბეჭდავ ვიზუალურ ეფექტს, ხოლო მეორეს მხრივ მის ქვეშ ღია ავტოსადგომის (25 მანქანაზე) მოწყობის საშუალებას იძლევა. საზოგადოებრივი სივრცეები – პროექტის კიდევ ერთი მნიშვნევანი საკითხია საზოგადოებრივი სივრცეების ჩამოყალიბება; ერთის მხრივ ვარდის მოედნის ქუჩის მხრიდან საპროექტო განაშენიანება უზრუნველყოფს მიმდებარე საზოგადოებრივი მოედნის ჩამოყალიბებას, დამატებით იქ განთავსებული ხე-მცენარეების სარეკრეაციო პოტენციალის გათვალისწინებით. შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს მნიშვნელოვანი და აქტიური საზოგადო სივრცე, რომელიც გამოაცოცხლებს სოციალურ აქტივობას. მეორეს მხრივ პროექტის გეგმარებითი სტრუქტურა ითვალისწინებს საკმაოდ დიდი ზომის (1100 კვ.მ) შიგა ეზოს შექმნას, რომელიც მოედნისგან განსხვავებულ სიმყუდროვეს და გამოცდილებას შესთავაზებს მომხმარებლებს. ეზოს ატმოსფერო ძველ-თბილისური ბაზრობებისთვის დამახასიათებელ ელემენტებს შეითავსებს დიზაინის მხრივ. ეზოში მოხვედრა შესაძლებელია იქნება როგორც სასტუმროს რეცეფციის გავლით, ასევე ცისკარის შესახვევის მხრიდან მოეწყობა ეზოს მთავარი შესასვლელი კიბე-პანდუსი, ეზოსა და ქუჩას შორის კავშირის გასამარტივებლად.